< უკან ერთი ზაფხული არხოტში..  

გუშინ ჩამოვედი მთიდან...

გავიარე გუროს ხეობა და ისე ჩამოვედი. წყალ-წყალ მივდიოდით ხეობაში და ისე ჩამოვედი. მივდიოდით და მივიკვლევდით გზას ჩანჩქერებზე, თოვლისა და დროისგან ჩაწოლილი ფიჭვების ფესვებში. ეკალ-ბარდებში ვეძებდით ბილიკებს და დათვის ნაკვალევი უფრო ხშირად იყო ჩვენი მეგზური, ვიდრე ადამიანის ნაფეხური. ხევ-ხუვებში, დაკარგული ბილიკის ძებნაში, ერთ დღეში გავიარეთ ორი საათის სავალი გზა. ფერდზე დაკიდებული ბაწარივით იყო ერთ დროს საურმე ბილიკი. დაღლილმა თვალმა ძლივს გაარჩია ვიწრო კლაკნილი, ცერად შემავალი ნაბილიკარი. ერთმანეთს ვეკიდებოდით და ქუჩის ქოჩორი იყო ჩვენი დასაყრდენი, გუროსკენ მიმავალ გზაზე. ხელს ხელს ვუწოდებდით და მეგობრის მაჯა იყო ის, რაც გვამაგრებდა ფერდალზე, რომ არ დავგორებულიყავით. ბოლოს ავედით და სწორად გავხედეთ ნასოფლარს. ერთ დროს დიდ გუროდ წოდებულ ადგილიდან ახლა რამდენიმე ჭინჭრიდან ამოწვერილი ნანგრევიღა გვიყურებდა და კიდევ შორს ტატნობზე ჭიანი კბილივით შუაზე გადატეხილი გუროს ციხის ნარჩენი.

დაღამებისას შევედით გუროში. ძლივს ვიპოვეთ დიყიანში წყაროს ნაწვრეთი. ჭინჭარი და ნარი გადავთელეთ ნასახლარებზე და იქ გავშლეთ ჩვენი კარვები. ჩამავალ მზის სხივებში დავბორიალებდით უცხო აჩრდილებივით. მზის წითელი სხივები კიდევ უფრო აწითლებდნენ ამ სისხლისგან დაცლილ ნამოსახლარებს. ჩვენი ჭრელი კარვები შეუხამებლად ზედმეტი იყო კავკასიონის ჭრილობში ჩაკარგული ამ უძველესი და დიდი ხნის მიტოვებული, თაობების მიერ დავიწყებული დიდ გუროს ნასოფლარში.

როდესაც დიდი მთვარე ამოვიდა უკვე ძალიან მთვრალები ვიყავით - ემოციით და მწარე არყით. ყმუილით შევხვდით მთვარეს. ჩვენ და ჩვენი მოქანავე, ხეობის სიგრძეზე გაწოლილი ჩრდილები ვყმუოდით მთელ ხმაზე.

-   ჰოეეე! გუროვლებოოო ! სად ხართ გუროვლებოო !

ხალხი ვიყავით მისული გუროს კარზე და ხმის გამცემი კი არავინ იყო. მტერი თუ მოყვარე სულ ერთი იყო, უცხო ხალხი შევსულიყავით გუროში და იქ კი მასპინძელი არ დაგხვედროდა. კაცი ადამიანი არ იყო შემორჩენილი, რომელიც გვიმტრობდა ან გვიმასპინძლებდა, ხმას გაგვცემდა. ყვირილის ექო დაგვიბრუნდა მხოლოდ უკან. თან მოიტანა სევდა, როგორც ყველა ექომ. სევდა სიცარიელის და, როგორც ნასოფლარის ექომ, სევდა სიმარტოვის და რაღაცის დაკარგვით გამოწვეულის ისევ სიცარიელის.

იმ ღამეს დაბმულებს გვეძინა და ფეხქვეშ ზურგჩანთები გველაგა რომ არ დავგორებულიყავით. მეორე დღეს კი გრძელი გზა გვედო წინ. ისევ უნდა გაგვევლო მთის ფერდზე ბაწარივით გაწოლილი ბილიკი  ფეხის მონაცვლეობით; ისევ გაგვეკვლია გზა-ეკალ ბარდებში; ისევ უნდა ავყოლოდით ჩანჩქერებიან ხეობას და გვევლო ყინულივით ცივ წყალში. მანამდე კი მდუმარედ ჩავუარეთ გუროს ციხეს, რომელიც ნახევრამდე ჩამოშლილი იყო. დაჭიანებული, დაჩაჩანაკებული ნანგრევი წელში მოხრილი და მუცელგასიებული იდგა. ჭიან კბილს გავდა რომლის ჭიაც თვით უძლეველი დრო იყო. რომელ ჭიასაც უმოწყალოდ დაეხრა და დაეფშვნა ერთდროს ამაყი ციხის კუთხის ქვები. რამდენიმე უნიათო სურათი გადავუღეთ და გავცდით - უნიათო ჭირისუფლები. სურათზე კი დარჩა ბებერი და მუცელგამობერილი ციხის ნანგრევი, რომელსაც მხოლოდ სიკვდილის შობაღა შეეძლო საკუთარი თავისათვის და მეტი აღარაფრის.
ამ დღეს კიდევ ზვავების ნარჩენები გავიარეთ და ბილიკი ვიპოვეთ, რომელმაც ღამისსათევ ადგილამდე მიგვიყვანა. თოვლზე შიშით გადავდიოდით რადგან ზვავი შიგნიდან მდინარეს გაეთხელებინა და ფეხქვეშ ჩვენი სიმძიმით ჭრაჭუნობდა. შეეძლო ყოველ წუთს ჩატეხილიყო, თან ჩავეტანეთ ცივ სამარეში. იქიდან კი ჩვენი ამომთხრელი აღარავინ იქნებოდა და დავრჩებოდით მომავლისთვის არქეოლოგიურ მასალად.
მთლიანობაში იმ დღემ მშვიდობით ჩიარა და მივაღწიეთ გვირილებიან მდელოს. მშვენიერ პატარა წალკოტს დეკებსა და მთის ნაკადულებს შორის, სადაც დაღლილებს და გზისგან გათანგულებს ყველაზე გემრიელი ძილით გვეძინა რაც კი გვძინებია, როდესმე.

მესამე დღე აღარ იყო გამორჩეული ხევებით და ბილიკის ძებნით გაუვალ ტყეში. სამაგიეროდ იყო ანატორელთ ღელე. ღელე, რომელიც იმ მამაცი ვაჟკაცების სახელს ატარებს, რომლებიც უშიშრად გადადიოდნენ სიკვდილ-სიცოცხლის ხიდზე, სიკვდილთან შესახვედრად. ყველანაირი შიშისა და სინანულის გარეშე; ყველანაირი თავისშემობრუნების და ნესტიანი მჟონავი თვალების გარეშე. აქ ანატორის ნასოფლარიდან ყველაზე შორს, კავკასიონის მთავარ ქედზე ამ ღელეს გავლაც თითქოს იგივე ვაჟკაცობას მოითხოვდა ჩვენგან; ისეთივე ერთგულებას და თავდადებას ერთმანეთისთვის. თუმცა ჯერ ეს არ ვიცოდით. დილის თბილი და ალერსიანი მზის სხივებით გახალისებულები მხიარულად ვალაგებდით ჩვენს ჭრელ ჩანთებს და ვემზადებოდით უღელტეხილისაკენ წასასვლელად

ყოველი უღლტეხილი მოგზაურისთვის მთავარი წერტილია, მიზანი, სადაც უნდა მიაღწიოს და მერე დაეშვეს თავდაღმართში, გზა გაივაკოს. ხარჯავს მთელ ენერგიას, ადის აღმართზე, მერე გადახედავს მხარგაშლილი უღელეხილიდან და ეშვება ფრენა-ფრენით; საკუთარი სხეულის უწონადობით. ყველა უღლტეხილი ასეთია, მაგრამ არის ერთი, რომელიც ანატორელთ ღელესკენ მიდის.

უღელტეხილზე რომ ავედით და წამით შვებით ამოვისუნთქეთ მაშინ მივხვდით, რომ მთავარი აღმართი ახლა იწყებოდა. რაც გავიარეთ ის ნახევარიც არ იყო ჩვენს მიერ გასავლელი გზის და ის აღმართი, რომლის ბოლოშიც სადღაც ზემოთ ანატორელთ ღელე იყო, ჯერ თვალითაც კი არ ჩანდა. ჩანდა მხოლოდ წვრილი ბილიკი რომელიც კავკასიონის მთავარ ქედზე ჯიუტად სულ ზევით მიიწევდა და ბოლოს სადღაც ზემოთ, ნისლებში იკარგებოდა.

ავედით ნისლებთან და იქ დაგვხვდა ანატორელთ სავალი ბილიკები. ფართე, თამამი და მხარგაშლილი ზედ კავკასიონის ქედს მიუყვებოდა. იმ ადამიანების ხასიათი ეტყობოდა, რომლებმაც ეს ციური ბილიკები გაკვალეს. ნისლებს ზემოთ, 3000 მეტრს ზემოთ. თუმცა ეს დაძლეული სიმაღლე სულაც არ ყოფილა ამ დღის მთავარი სირთულე. დაღლილებს და სასოწარკვეთილებამდე ქანცგაწყვეტილებს ახლა უნდა გადაგვეხადა მთავარი ბრძოლა. როგორც უცბად გამოჩნდა ეს დიდებული ბილიკები და გაგვალაღა, ისევე უცბად გაქრა და ახლა ჩვენს წინ ქვიშიანი ფერდი იდო. რამდენიმე კილომეტრზე გაწოლილი ეს გველვით მცურავი ქვიშა დიდ ხიფათს მალავდა საკუთარ თავში. ერთი ჩამოშლა, ან გაკვალულზე ფეხის აცილება და ნისლებში ფრენას ვისწავლიდით. წინ რომელიც მიდიოდა ის აკეთებდა ნაკვალევს, ყოველ ფეხის დადგმაზე ისვენებდა და უძირო ქვიშაში ღრმა ნაკვალევს ტოვებდა. ყოველი შემდეგი ამ ნაკვალევში აბიჯებდა ფეხისმონაცვლეობით და ბოლო უკვე თითქმის ჩამოშლილ ნაფეხურზე მიდიოდა ყოველ წამს მოწყვეტის და ქვიშზე დაცურების შიშის ქვეშ. ქვემოდან მონაბერი ქარი ავად სისინებდა, სახეში ნისლის წვრილ ნამსხვრევებს გვაყრიდა. ხუთი წუთით შეჩერება და შესვენება  შეუძლებელი  იყო,  რადგან  ყოველ  შეყოვნებაზე  ქვიშა ჩვენი სიმძიმის ქვეშ მოძრაობას იწყებდა. მთის ამ შავად დაფჩენილი ხახისკენ საიდანაც მონაბერი ქარი თანდათან ძლიერდებოდა და თავის ცოფიან დორბლსაც უფრო მომეტებით გვაყრიდა. წინ დარჩენილი მანძილის განსაზღვრის საშუალებას ნისლი არ გვაძლევდა. ზემოდან იმდენად მიუვალი შავი კლდეები დაგვყურებდნენ მუქარით, რომ იქ ასვლაზე ფიქრს ისევ მუხლების კანკალით (ნაწილობრივ შიშის გამო , ნაწილობრივ კი დაღლილობის) წინ სიარული გვერჩია.
როგორღაც მიილია ეს გაუთავებელი ქვიშის უდაბნო 3000 მეტრს ზევით. ჩვენ კლდიან ქუჩიან ფერდზე გავედით. ეს გაუვალი ალაგ-ალაგ ქუჩიანი კლდე მშვენიერ ხალიჩად გვეჩვენებოდა გავლილი ქვიშების შემდეგ. თუმცა ამასობაში საღამოც შემოგვეპარა. ნისლის თეთრ სიბნელეში ახლა ღამის შავი სიბნელეც შემოდიოდა და ისედაც გაუვალი მთები კიდევ უფრო გაუვალი ხდებოდა. ამას ქვემოდან მონაბერი ქარიც ემატებოდა, რომელიც ქარიშხლად იქცა, ხოლო მისი სისველე - თავსხმა წვიმად.
თუმცა საბოლოოდ არ გაგვწირა დედაბუნებამ და ზედ მთის წვერზე ვიპოვეთ რაღაც საოცრებით მოსწორებული ადგილი, იქვე ყინულებიდან გამოჟონილი პატარა ტბით. ფიქრის დრო აღარ იყო, იქვე წვიმაში გავშალეთ კარვები. ჩვენი ჭრელი კარვები ძლიერ ქარში ტყლაშუნობდნენ. შიშისა და განცდილით აღფრთოვანებისგან გაფართოვებული თვალებით შევყურებდით ერთმანეთს ერთ კარავში შებუზულები. პურის ნაჭრებს ვაწოდებდით ჭუჭყიანი ხელიდან ხელში და თვალწინ ისევ ის ფეხქვეშ მცურავი გრილი ქვიშა გვედგა. ვჭამდით მშრალ მაკარონს და ყველაფრით ბედნიერები ვიყავით.
შემდეგი დილა საჩუქარი იყო ჩვენი ახალი დაბადების დღისთვის. მსგავსი საოცრება არასოდეს ენახა ჩვენს თვალებს. ჩვენი მოჭრილი მწვერვალიდან ულამაზესი ხედები იშლებოდა როგორც კავკასიონის სამხრეთით ისე ჩრდილოეთისკენ. უსპეტაკეს ფთილებად დაყრილი ნისლებიდან, მთელი თავისი სიდიადით აღმართულიყვნენ ჭიუხები. დილის სხივებში აპრიალებდნენ თავის შეუვალ აბჯარს, მეორეს მხრიდან თვალწარმტაცი ტანიეს ხეობა გაწოლილიყო ულამაზესი სირინოზივით და თავისკენ გვიხმობდა ქვემოდან ამონაბერი ნაზი სიოთი. ცოტაც და მივატოვებდით ჩვენს მარშრუტს და გადავუხვევდით ამ მშვენიერებისაკენ. ვიწრო ხეობაში შეგუბებული პატარა ტბებისკენ და ამ ტბების ირგვლივ ლამას მდელოზე გაშლილი ფარისკენ, სადაც ვიღაც ეულ მწყემსს ცეცხლი დაენთო. დილის სიგრილეში სვეტად აღმართული კოცონის კვამლი მშობლიური სახლივით თბილი და სასურველი ჩანდა ამ 3000 მეტრის სიმაღლის მდელოდან. ძალით დავიბანეთ პირი ყინულის ნაპრალებში და ძალით ავიკიდეთ ჩვენი ჭრელი კარვები. ასევე ძალით გავუყევით ქედს ჩვენი საბოლოო მიზნისკენ, ტანიეს დობილი ხეობის, კალოთანას გავლით. თვალები და გული კი უკან დაგვრჩა. პირველი სიყვარულივით სევდასავით დარჩა ტანიე ჩვენს გულებში, ასევე იმედიც, რომ როდესმე კიდევ დავბრუნდებოდით მისი მკაცრი სილამაზით დასატკბობად.
გზა მეორე უღელტეხილამდე ნახევარ დღეში გავიარეთ. მშვენიერი ამინდი იყო და ბუნების სილამაზით ფრთაშესხმულები ისე მივდიოდით, კლდეს ფეხს არ ვაკარებდით. ერთ მომენტში იმდენი პატივიც კი დაგვდო, რომ ნისლი ცოტა გადაიყარა და ჩვენი გამოვლილი ქვიშიანი მთელი თავისი სიგრძე-სიგანით დაგვანახა. ამ უშველებელი ქვიშის ფერდობზე ჯერ კიდევ შერჩენილიყო მძივივით აწყობილი ჩვენი ნაკვალევი. ასე დავტოვეთ მუდმივი ნისლების სამყარო და დავეშვით ქვევით, კალოთანას ხეობაში. ოდნავი სევდით და შემსუბუქებული გზით მოთენთილები.
ვჩქარობდით, გვინდოდა, ამ დღეს რაც შეიძლება მეტი გაგვევლო. ჯერ უღელტეხილიდან ქვიშიანი დაღმართი ამოუსუნთქავად ჩავირბინეთ. მერე ცოტა გავივაკეთ, იქ სადაც წყაროები ქვიშაში იკარგებოდნენ ვისადილეთ. ცოტა შევისვენეთ. უკვე შორიდან ვუყურებდით ნისლების საუფლოს და არ გვჯეროდა, რომ ცოტა ხნის წინ ჩვენც იქ ვიყავით. იქ ისევ ნისლები იყო, სიცივე და შავი სუსხი იქნებოდა ალბათ ისევ. სულ რაღაც 200 მეტრის ქვევით, იქ, სადაც ჩვენ ვიყავით, მზე ისე აცხუნებდა, რომ წელსზევით გახდაც კი გავბედეთ.
მალევე ავიბარგეთ და გზას გავუდექით. უკვე ხეობაში ვიყავით ჩასულები. წინ ძველი ნასოფლარები უნდა გაგვევლო. პირველს, წყალთშუათანას, ჩავუარეთ - ორი მდინარის შენაკადთან ჩარჩენილ ნასოფლარს. იმდენად ძველს და დრო-ჟამის ნამუსრევს, რომ ჭინჭარში და შამბში აღარც კი ჩნდა. ვიდექი ორწყალთან და თვალებით ვეძებდი, სად უნდა ყოფილიყო სოფელი ადრე. ადამიანის თვალს უკვე აღარ შეეძლო იქ სოფლის კვალის მოძებნა. იქ, სადაც ადრე ბავშვები იზრდებოდნენ, ახალგაზრდები დიდგულობდნენ და მოხუცები ჩაფიქრებული გაჰყურებდნენ ხეობას ბანებზე იშვიათ მზეს მიფიცხებულები, ახლა არცერთი კედელი აღარ იდგა.  ირგვლივ მხოლოდ ფერდობებს შერჩენოდა ძველი ნაყანობრები. ღრმა ჭრლობებივით ჩამჯდარი ნაკვეთები იყო ერთადერთი ნიშანი იმისა, რომ აქ ოდესღაც ადამიანები ცხოვრობდნენ და ოფლს ღვრიდნენ.
უღელტეხილის ფერხთით არსებული ეს სოფელი, როგორც ჩანს პირველი იყო, რომელიც ამ ხეობაში მიატოვეს. როცა სოფელს რამდენიმე ასეული მეტრით ჩავცდით, მშვენივრად შენახული ბილიკი აღმოვაჩინეთ. ბილიკი იმდენად ფართე იყო, რომ ალაგ-ალაგ ორივე ფეხის გვერდიგვერდ დადგმაც კი შეიძლებოდა; იმდენად ღრმა იყო რომ ფეხი შიგ კოჭმდე ეფლობოდა. ბალახ-ბულახსა და დროს ის ბოლომდე ვერ წაეშალა. მთის კალთაზე ჩაკლაკნილი ბილიკი საოცრად აჩქარებდა ჩვენს მოძრაობას. გადავწყვიტეთ გვემოძრავა მანამ, სანამ სიბნელე არ წამოგვეწეოდა. ხეობა თვალსა და ხელს შუა ლამაზდებოდა. ხეების დონეზე ჩამოვსულიყავით და ამ ვიწრო კლდეებიდან ხეობაში ტყის მრავალფეროვნება საოცარ სანახაობას ქმნიდა. ირგვლივ ყველაფერი მწვანე იყო. ცოტაც კიდევ და აღმოვაჩინეთ , რომ ის პატარა ნაკადული, რომელიც ზევით ქვიშაში შეშინებული იმალებოდა აქ უკვე ზრდასრული მდინარე იყო. თან როგორ ზვიადი! მიდიოდა ღრიალით და ხრავდა კლდოვან ნაპირებს. საომრად მიმავალ ცისფერ გველეშაპს ჰგავდა. არა, ცისფერი არ იყო, რაღაც სხვა საოცარი ფერი ქონდა. მსგავსი არაფერი არასოდეს გვენახა. მდინარე უფრო თეთრი იყო, ვიდრე თეთრი. ეს მაშინ შევამჩნიეთ, როდესაც ნაზვავარზე გადავდიოდით. გაოცებისგან გავჩერდით. ვიდექით თეთრ თოვლზე, რომელიც ამ მაღალ მთებში საოცრად სპეტაკი იყო, მაგრამ მდინარე, რომელიც ამ თოვლის თაღის ქვეშ გამოდიოდა კიდევ უფრო თეთრი იყო. იმდენად თეთრი, რომ ლურჯი იყო. მაგრამ ისეთი ლურჯი, ლურჯსაც ვერ იტყოდი. ეს სილურჯე კი არა, უფრო გამჭვირვალობა იყო. მე მაშინ აღმოვაჩინე ჩემთვის მანამდე შეუცნობელი ლაჟვარდის ფერი. ჩემთვის არხოტის მდინარეები ლაჟვარდისფერი იყო.
შემდეგი ნასოფლარი, სადაც მივედით და ცოტა სული მოვითქვით, ზემო კალოთანა იყო.ამ ხეობის მთავარი სოფლის მოსახელე. ჩვენ ვისხედით ძველი საფეხვნოს ადგილას და დაღლილები სულს ვითქვამდით. არავინ ლაპარაკობდა. არც იყო საჭირო. ყურში მარტო აჩქარებული გულის ცემა და სისხლის შრიალი გვესმოდა. ამდენ ხანს ამ გამჭვირვალე გარემოში ერთად ყოფნის მერე თითქოს ერთმანეთის ფიქრიც კი გვესმოდა. ყველა თვალი ნასოფლარისკენ იყო მიმართული და ყველა ფიქრი - მისი გაფანტული ქვებისკენ. მერე ისევ უხმაუროდ ავდექით, უხმაუროდ გავიარეთ ნანგრევებში და დავეშვით ისევ ქვევით ხეობაში.

როდესაც კალოთანა გამოჩნდა უკვე ბინდდებოდა. მთელი დღე დაღმართზე სიარულის მერე, მუხლების კანკალს ვგრძნობდით. გადაწყვეტილების მიღება არ გაგვჭირვებია: აქ უნდა გავჩერებულიყავით. წყლის ნაპირზე, მშვენიერი ტევრი ვნახეთ ღამის გასათევად. დგნალის ტოტებით გადახურული და მინდვრის ველური მარწყვის ხალიჩიანი. გავლილი დღეების და სირთულეების შემდეგ ეს ნამდვილი წალკოტი იყო. იმ ღამეს კოცონიც კი გვქონდა. ვისხედით ცეცხლთან დაღლილი სახეებით და სითბოში ვნებივრობდით. ისეთი კარგი ღამე იყო, ზოგი ჩვენგანი გარეთაც კი დარჩა ღამის გასათევად. ასეთი დასვენების საშუალება არც მანამდე გვქონდა და აღარც მერე გვქონია. დილითაც გვიანობამდე გვეძინა. მზე რომ მოადგა ჩვენს ბანაკს, მხოლოდ მაშინღა ავდექით. ჩვენი ყარიბობის მეხუთე დილა თენდებოდა. სხეულები უკვე თითქმის    ბოლომდე    იყო    გამოფიტული.    გაგვიჭირდა    ჩვენი ლამაზი ტევრის მიტოვება. ჩვენი ჭრელი კარვების აკიდებაც გაგვიჭირდა. მაგრამ დრო არ ითმენდა, წინ კიდევ ერთი უღელტეხილი გვედო, რომელიც არ ვიცოდით, რას გვიმზადებდა. იმ დღის გეგმა იყო მაქსიმალურად მივახლოვებოდით უღელტეხილს, რომ მეორე დღეს მისი გადავლა შეგვძლებოდა.

მზე უკვე კარგად ამოსული იყო, როცა გზას შევუდექით. კალოთანაც მიტოვებული სოფელი იყო. ისევ ნანგრევების მეტი არაფერი დაგვხვდა. თუმცა იმ სოფლებს შორის, რომლებიც ჩვენ გავიარეთ ეს სოფელი ყველაზე გვიან მიტოვებულს ჰგავდა,. ერთი ქოხი ახლად გადახურულიც კი აღმოჩნდა. ეტყობოდა, მის პატრონს ენანებოდა მამა-პაპის ნაფუძრის მიტოვება. ყორის შიგნით ბალახიც გატკეპნილი იყო, დაჩეხილი შეშაც დაელაგებინათ და წყარომდე ბილიკიც გაეყვანათ. წყალი დავლიეთ და მადლობა გადავუხადეთ იმ უცხო ადამიანს, რომელიც აქ ამოსვლას როგორღაც კიდევ ახერხებდა, რომ ადამიანის ყოფნის და მუშობის კვალი დაეტოვებინა ამ ნანგრევებში.

გზა გავაგრძელეთ. მალე ამ ხეობას გავცდით და მეორე - ასას ხეობაში შევბრუნდით. ისევ დაიწყო აღმართი და სვლა შემდეგი უღელტეხილისაკენ. ის ხიდი, რომლითაც ჩვენ ასა გადავკვეთეთ, ყველაზე დაბალი წერტილი იყო ჩვენს ლაშქრობაში. თუ ბანაობა გვინდოდა აქ უნდა გვებანავა, თორემ მერე ისევ ზემოთ ნისლების საუფლოსკენ მივდიოდით. ჩვენც ეს შანსი, რა თქმა უნდა, გამოვიყენეთ. გიჟებივით შევცვივდით წყალში და უფრო მეტად გიჟებივით გამოვცვივდით უკან ისეთი ცივი და ისეთი ჩქარი იყო. გაგვიმართლა, რომ მზიანი ამინდი იყო, თორემ იმ დიდ სიამოვნებას მოვაკლდებოდით, რაც იქ გატარებულმა ნახევარმა საათმა მოგვცა. მეორე ცდაზე შედარებით უფრო ფრთხილად შევედით, თან ერთმანეთს ვეჭიდებოდით და ხმამაღალი ყვირილით გამოვხატავდით ემოციებს. მერე ისე გავთამამდით ხიდიდანაც კი ვხტებოდით. ქვევით ჯაჭვად ჩამდგარი ვიჭერდით გადმომხტარს, რომელიც მდინარეს ტრიალით მიქონდა ქვევით. ბანაობის მერე თბილ ქვებზე გავშრით. ამის მერე უკვე ახალი ადამიანები ვიყავით. ვერანაირი უღელტეხილი ვეღარ შეგვაშინებდა და ნებისმიერ ნისლების სამყაროში უშიშრად შევიდოდით.

ავუყევით ასას ხეობას ამ საოცარი ლურჯი, ლაჟვარდოვანი სითხის გასწვრივ. მოიკლაკნებოდა ეს საოცარი მდინარე ბილიკის გვერდით სადღაც ზემედან, მთების მწვერვალებიდან. ისეთი შეგრძნება რჩებოდა, თითქოს იმ მწვერვალებს ცა გაეხვრიტათ. ჰოდა ცა მოწანწკარებდა არხოტის ხეობაში და ჩვენ შიგ ვიბანავეთ.

შემდეგ გავიარეთ ამღა და ახიელი და და-ძმის წყაროსთან გავჩერდით დასაბანაკებლად. ამღა და ახიელი უკვე დიდი სოფლები იყო. იქ ხალხი ცხოვრობდა. ქალაქიდან ჩამოსული სტუმრებიც იყვნენ - გაქალაქელებული ადგილობრივები, სამშობლოს მონატრებულები. არაყიც დაგვალევინეს, აბა, ისე როგორ გაგვიშვებდნენ და კეცეულიც მოგვიხლიჩეს, კალტიან-შიბუიანი. აქამდე მანქანის გზა ჯერ კიდევ არ მოდიოდა. აქედან მანქანებამდე და ელექტროენერგიამდე კიდევ 50 კილომეტრი რჩებოდა. ხოლო ამ ორ სოფელში მყოფი ადამიანი ყველა ერთად 10-ს არ აღემატებოდა. მაგრამ ჩვენ ის სოფლები მაინც დიდად მოგვეჩვენა. ბოლო ექვსი დღის განმავლობაში პირველად შევხვდით უცხო სახეებს.

და-ძმის წყაროსთან უღელტეხილის ძირში დავბანაკდით. დილით უღელტეხილამდე მისვლა უკვე აღარ გაგვიჭირდებოდა. ვვარაუდობდით, რომ მეორე დღეს უღლტეხილსაც გადავივლიდით. გავშალეთ ჩვენი ჭრელი კარვები ფერდალზე. დაახლოებით ისეთზე, როგორიც  პირველ ღამეს იყო გუროში. საშინლად დაღლილები ვიყავით, დაახლოებით ისე, როგორც პირველ საღამოს. სხეული ძლივს მივათრიეთ ადგილამდე.  კარგა ხანს ვისხედით უმოძრაოდ, სანამ კარვების გასაშლელად ძალას მოვიკრებდით. არ ვიცი რა უფრო გვღლიდა: გავლილი გზის გახსენება, თუ მეორე დღეს გადასავლელი უღელტეხილი.
ის ღამე ყველაზე შფოთიანი იყო. საშინელი თქეში მოიტანა ქარმა. ერთიანად მოგლეჯას და სადღაც ქვევით გადაყრას გვიპირებდა თითქოს. დიდხანს ვერ დავიძინეთ. ჩვენმა ჭრელმა კარვებმა გაძლეს და წყალი არ გაატარეს, მაგრამ მეორე დღეზე ფიქრი მაინც არ გვასვენებდა. საშინელი ხმაური, სტიქიის ძალის და საკუთარი უსუსურობის შეგრძნება არ გვაძინებდა. იქ იმხელა მთებში, იმხელა ძალის წინაშე ჩვენ ორი პირი თხელი ნაჭრის იმედზე ვიყავით. გრანდიოზული მთის ფერდზე მიკრულ ორი კვადრატული მეტრის კარვებში მოკუნტულები ძალიან პატარები ვიყავით. ცხადად ვგრძნობდით, რომ ჩვენზე არაფერი იყო დამოკიდებული. ყველაფერი უზენაესის ძალას ემორჩილებოდა და ეს ქარის ძლიერი სუნთქვაც კი, რომელიც ზურგზე ბუსუსს გვიშლიდა სხვა არაფერი იყო თუ არა მისი ძალის დიდება.

შემდეგი დილა და ახალი უღელტეხილი ჩვენს ბილიკებზე. ის ყველაზე მაღალი უღელტეხილი უნდა ყოფილიყო, თუმცა არა ანატორელთ ღელეზე მაღალი. გადავივლიდით და დავემშვიდობებოდით არხვატის ულამაზეს ხეობას. ეს ბილიკი შარა გზას ჰგავდა ჩვენს მიერ გავლილი გზების შემდეგ. ამ ბილიკზე თვეში ერთხელ მაინც დადიოდა ვინმე. ბილიკი არ იკარგებოდა. ამიტომაც საკმაოდ თავისუფლად მივდიოდით და გვიხაროდა. წინადღის დაღლილობა სადღაც გამქრალიყო. მივდიოდით მხიარულად, წინ მიმავალი უკანას სიმღერით ამხნევებდა. თუმცა ამინდი კარგს არ გვიქადდა, ცა ნისლებს მთლიანად დაემალათ. ნისლი პირდაპირ ჩვენს თავზე გაწოლილიყო, და ჩვენი  ბილიკი შიგნით იკარგებოდა. ქვევით კი ოქროსფრად გაბრწყინებული არხვატის ხეობა რჩებოდა. ვუახლოვდებოდით ნისლების საუფლოს და გული მოლოდინით იკუმშებოდა. უღელტეხილის შუა წელზე ვიყავით, როდესაც ნისლში შევედით. ნისლი სქელი დ ბლანტი იყო. ფთილა-ფთილა ჩამოდიოდა ფერდზედ და ხედვის არეს 5 მეტრამდე ზღუდავდა. წინ წასული უკანას ელოდებოდა, რათა ერთმანეთი დაენახათ და ვინმე არ დაკარგულიყო. მართალია ბილიკი განიერი იყო და საუკუნეების განმავლობაში არხვატივნებს კლდე ფეხით გაეცვითათ, ასეთ სქელ ნისლში მაინც შეიძლებოდა დაკარგვა. კიდევ ნახევარი გავიარეთ და წვიმამაც დასცხო. ორი დღე იყო არ დავესველებინეთ და ახლა უნდოდა გული მოეოხებინა. ისე დასცხო, ჯერ რომ ასეთი არ შეგვხვედროდა. წკეპლასავით გვიშხაპუნებდა და გაჩერების კი არა, ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევდა. წვიმას ქარიც დაემატა, რომელიც რაღაც ჯადოსნობით ყველა მხრიდან ერთდროულად გვიბერავდა. წვიმის მსხვილი წვეთები ყველას საწვიმარში ატანდა. თავით  ფეხებამდე გავილუმპეთ.

ასე გვაწვიმდა სანამ ზედ უღელტეხილზე არ ავედით. იქ კი უეცრად გადაიღო. თითქოს   ვალი  მოიხადა   და  უღელტეხილამდე   ამოგვაცილა.   ნისლიც  გადაიყარა  და  პირიქით-პირაქეთ ხევსურეთის ულამაზესი ხეობები გამოჩნდა. ვიდექით გაყინულები და სიცივისგან თითებს ვეღარ ვიმორჩილებდით. ბედნიერად ვიღიმოდით. აკანკალებული ხელით დავლიეთ ყანწში ჩამოსხმული ვაშლის მწარე არყით სილამაზის სადღეგრძელო, იმ პატარა ტბის თამადობით რომელიც ზედ მწვერვალის ძირში, არხვატის მხრიდან ჩაბუდებულიყო. რომელსაც გულის ფორმა ქონდა და რომელსაც ისე ჩავუარეთ გვერდით ნისლში ვერც კი შევამჩნიეთ. ახლა კი, როცა წვიმამ გადაიღო და ნისლი გაიფანტა, ჩვენ ამ სამყაროს მწვერვალზე ვიდექით, ის კი საოცარი მომხიბვლელობით გვიმზერდა ქვემოდან.
ხევსურეთში უღელტეხილზე რომ ადიხარ, დაღმართის ნაცვლად აღმართი გხვდება. ამჯერადაც ასე იყო. მთლად ანატორელთ ღალესავით არა, მაგრამ დაახლოებით ასი მეტრის სიმაღლეზე მაინც მოგვიწია ასვლა. მთაში კი 2900 მეტრს ზევით ასი კი არა ყოველი ერთი მეტრი პრობლემაა. ყოველი ნაბიჯს ძალისხმევა სჭირდება. როდესაც მივაღწიეთ ბოლო სიმაღლეს და გადავხედეთ ჭიუხებს, უკვე გამოჩნდა ჩვენი ბოლო დანიშნულების ადგილი. ჭიუხებსა და ქვებიან მდელოს შუა, აბუდელაურის ტბებთან უნდა გაგვეშალა ჩვენი ბანაკი. თუმცა მანამდე კიდევ ორი საათის სავალი იყო.
ის ღამე ყველაზე მძიმე იყო. გაშრობა ვერ მოვახერხეთ. ვიწექით სველ საძილეებში და ვკანკალებდით. აღარც ჭამის და არც ფიქრის თავი არ გვქონდა. მეშვიდე ღამე იყო, რაც ჩვენ მთაში ვიყავით. ეს შვიდი დღე შვიდ კვირას ჰგავდა. აქამდე გვეგონა, რომ ერთმანეთს ვიცნობდით. რეალურად კი აქ გავიცანით ერთმანეთი. მანამდე თუ გვეგონა, რომ ერთმანეთს ვენდობოდით, რეალურად აქ მივანდეთ ერთმანეთს სიცოცხლე. რვავე ერთი ვიყავით, როდესაც ქარაფებზე გადავდიოდით. მეგობრის ხელი იყო ყველაზე მტკიცე საყრდენი, რომელიც გადაჩეხვისგან გვიფარავდა. ეს ბოლო ღამე იყო, როდესაც ჭიუხების პეშვში ვცდილობდით დაძინებას. ჭრელ კარვებში შეყუჟულები ვუსმენდით წვიმის ხმას და ვკანკალებდით.
დილით 6 საათისთვის, ჩვეულებისამებრ, მზემ გამოანათა. დილით ამოწვერილმა მზემ ისევ აალაპლაპა ჭიუხების აბჯარი. რასაც 3020 მეტრიდან სამი დღის წინ შორიდან ვუყურებდით, რომელიც ასე შორეული იყო მაშინ და თითქმის მიუღწეველ მიზნად გვესახებოდა, ახლა, სულ რაღაც სამი განთიადის შემდეგ, თავზე დაგვცქეროდა. შევყურებდით დაბლიდან კისერმოღრეცილები და პირდაფჩენილები ამ უებრო გოლიათებს. თვალებს გვჭრიდა დილის სხივებში მათი სპილენძისფრად აელვარებული ხავსიანი სიპის აბჯარი. თვალი ვერ მოვწყვიტეთ სანამ ისევ ნისლმა არ დაფარა, სანამ დილის აბაზანის შემდეგ ისევ თავის მჭმუნვარე ფიქრებში არ გაეხვივნენ.

ავიკარით ჩვენი ჭრელი კარვები და სულმოუთქმელად, უკანმოუხედავად დავეშვით ქვევით მტვრისა და სამანქანო გზისაკენ, სადამდეც სულ რაღაც 16 კილომეტრი იყო. თითქმის სირბილით ჩავიარეთ დიდი ლოდების ხეობა როშკამდე. ლოდებისა, რომლებიც ღვთისშვილებისა და დევების ბრძოლის შემდეგ დარჩა. იახსარისა და ლაშრის ნატყორცნ ლოდებს შორის მივდიოდით.

რაც უფრო დაბლა ჩამოვდიოდით და ვუახლოვდებოდით გზას, ჰაერში მტვრის და ჭუჭყის სუნი მატულობდა. თითქოს უკვე იგრძნობოდა ქალაქის ხმაური.

ჩავუარეთ უსაშველოდ დიდ სოფელ როშკას, რომელშიც თითქმის 20 კომლი ცხოვრობდა. ჩავუარეთ და უკვე მანქანის გზით ჩვედით ტრასამდე, სადაც ავტობუსს დაველოდებოდით და ქალაქში წავიდოდით.

აქედანაც ჩანდა მწვერვალები, იმდენად შორეული და იმდენად დიდებულები, რომ ვერც კი ვიჯერებდით თუ სულ ცოტახნის წინ ჩვენც იქ ვიყავით, მათ ქედზე დავდიოდით. ვისხედით პირდაპირ მტვერში, გზის ნაპირზე, და ვიწყებდით დაღლას. ახლა იწყებდნენ დახეთქილი ფეხები ტკივილს; ახლა იწყებდა აწვას დასუსხული და დაკაწრული სხეული; ახლა ბუჟდებოდა გადაბრუნებული ფეხი და დაჭიმული მკლავი. რვა დღის ნათმენი დაღლილობა მაშინ მოგვაწყდა ერთიანად და მოგვწყვიტა კისრები.

მერე მოვიდა ავტობუსი და ჩამოგვიყვანა მთიდან.

გუშინ ჩამოვედით მთიდან.

შენ კიდევ მეკითხები, რა მინდოდა იქ.

რატომ დავბოდიალობ ამდენს და რა მინდა, რომ ვწვალობ.

ამას ვერ აგიხსნი. შეუძლებელია მოყვე ის, რაც მე იქიდან ჩამოვიტანე, ან ის, რაც მე იქ დავტოვე.

იქ ჩემი სულის ნაწილი დარჩა.

სამაგიეროდ მთამ უფრო მეტი მომცა. თან მთა ჩამომყვა. მთელი თავისი სიდიადით ჩემთან დარჩა და ჩემი სულის ნაწილი გახდა.

და ახლა უფრო ძლიერი ვარ. და კიდევ წავალ სადმე, აუცილებლად! ახლა ჩემი სული და მთა სისხლ-ვერცხლით შეფიცული ძმები არიან, ერთმანეთის გარშე აღარ შეუძლიათ.

მოვძებნი კიდევ უფრო დიდ მთებს და კიდევ უფრო დიდი ხნით წავალ სადმე.

ამ იმედით გავძლებ სამსახურში კიდევ ერთ წელს.

ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს:

      -    ძმურად ეგ კონდიციონერი გამორთე, თორე რაღაც ცუდად მიბერავს და არ გავცივდე : )

დიდი სიყვარულით პაატა 09,09,09